ბელგიის სამეფო ოჯახი
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები:
მეფე ფილიპე, დაიბადა 1960 წლის 15 აპრილს, ბრიუსელში.
მშობლები: მამა - მეფე ალბერთ II; დედა - პაოლა რუფო დი კალაბრია, დედოფალი პაოლა;
მეუღლე- დედოფალი მათილდა;
მემეკვიდრე - პრინცესა ელისაბედი, ბრებენთის ჰერცოგინია;
გამეფება - 2013 წლის 21 ივლისი;
დინასტია - სექს-ქობურგ-გოუთე.
ევროპის კონტინენტის პოლიტიკურ რუკაზე თანამედროვე საზღვრებში ბელგიის სამეფო 1830 წელს გამოჩნდა, როცა მშვიდობიანად დასრულდა ერთობლივი თანაცხოვრება მეზობელ ნიდერლანდთან. ამავე წლის ნოემბერში ქვეყნის ეროვნულმა კონგრესმა მხარი დაუჭირა ბელგიაში მმართველობის მონარქიულ ფორმას და დღის წესრიგში დადგა მონარქის - სახელმწიფოს მეთაურის მოძიების საკითხი. არაერთ პრეტედენტთა შორის საბოლოო წარმატება წილად ხვდა ბრიტანეთის რჩეულს , გერმანელ პრინც ლეოპოლდ სექს-ქობურ-გოუთეს. პროტესტანტ პრინცს ბელგიაში
მოწინააღმდეგეები ჰყავდა, თუმცა მნიშვნელოვანი მხარადჭერაც ჰქონდა. 1831 წლის 4 ივნისს ეროვნულმა კონგრესმა ხმათა მნიშვნელოვანი უპირატესობით - 137 მომხრე და 48 მოწინააღმდეგე, გერმანელ პრინცს მხარი დაუჭირა. 21 ივნისს ლეოპოლდ I თეთრ ცხენზე ამხედრებული ბრიუსელში შევიდა და ფიცი დადო ქვეყნისა და კონსტიტუციის ერთგულებაზე. ლეოპოლდ I-ის პირველი მეუღლე იყო ბრიტანეთის მონარქის, მეფე ჯორჯ IV -ის შვილი, პრინცესა შარლოტა, რომელიც პირველი შვილის მშობიარობისას დაიღუპა. გამეფების შემდეგ მონარქი საფრანგეთის მეფის ლუი ფილიპეს ქალიშვილზე - ლუიზა-მარიამზე დაქორწინდა. სამეფო წყვილს ოთხი შვილი შეეძინა. ლეოპოლდ I 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო ბელგიის სამეფო ტახტზე მისი მეორე ვაჟი (მეფის პირველი ვაჟი ერთი წლის ასაკში გარდაიცვალა) ავიდა ლეოპოლდ II -ის სახელით. მან 44 წელი იმეფა და ორი ქორწინებიდან 6 შვილი დარჩა, მათ შორის იყო მომავალი მეფე - პრინცი ლეოპოლდი, რომელიც ათი წლის ასაკში გარდაიცვალა. ამიტომ ლეოპოლდ II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უმცროსი ძმის უმცროსი ვაჟი ალბერთ I ავიდა. იგი თავის ქვეშევრდომებს შორის უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. მონარქის სპორტის საყვარელი სახეობა ალპინიზმი იყო, რომელსაც ემსხვერპლა კიდეც. 1934 წლის 17 თებერვალს ერთ-ერთ მთაზე ასვლისას იგი ტრაგიკულად დაიღუპა. მონარქს სამი შვილი დარჩა, ტახტზე კი მისი უფროსი ვაჟი ლეოპოლდ III-ის სახელით ავიდა. ალბერთ I-ის მეუღლე იყო შევედეთის ულამაზესი პრინცესა ასთრიდი. დედოფალი მეუღლის გამეფებიდან წელიწადნახევარში შვეიცარიაში ავტოკატასტროფისას გარდაიცვალა.
მეფე ლეოპოლდ III-ს ძალზედ რთულ პოლიტიკურ სიტუაციებში მოუხდა მეფობა: მისი მეფობისას ქვეყანა ოკუპირებული იქნა ფაშისტების მიერ და, როცა ბელგიის მთავრობამ ქვეყანა დატოვა და ბრიტანეთში გადავიდა, მეფე ოჯახთან ერთად ბელგიაში დარჩა. ამგვარ პოლიტიკურ ვითარებაში მან მიზანშეწონილად არ მიიჩნია ქვეყნის დატოვება. მოგვიანებით მეფე ჰიტლერს ეწვია გერმანიაში. ამ შეხვედრის შემდეგ ფაშისტების ტყვეობიდან 50 ათასზე მეტი ბელგიელი გათავისუფლდა. თუმცა მონარქის ასეთი დამოუკიდებელი ნაბიჯები გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში მოწონებას არ იმსხურებდა. ამას ისიც დაემატა რომ, სამეფო ოჯახი დეპორტირებული იქნა ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ ავსტრიაში, სადაც 1945 წლამდე ტყვეობაში იმყოფებოდა.
ომის შემდეგ აქტუალური გახდა მონარქის დაბრუნების აუცილებლობა. ამ საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე მოსახლეობის 58%-მა ხმა მისცა ლეოპოლდ III -ის სამშობლოში დაბრუნებას, რამაც მოსახლეობისა და პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ამ სიტუაციაში მეფემ უარი თქვა ტახტზე მისი უფროსი ვაჟის, ბოდუენის სასარგებლოდ. ეს უკანასკნელი 1951 წლის 17 ივლისს ქვეყნის მონარქი გახდა. ბოდუენი სანიმუშო კონსტიტუციური მონარქი გახლდათ და პოლიტიკურ არენაზეც მნიშვნელოვანი მანევრირებით გამოირჩეოდა. მან სერიოზული როლი შეასრულა ბელგიის ფედერაციულ სახელმწიფოდ გადაქცევის საკითხში. ბოდუენს თავის მეუღლესთან, ესპანელ ქალბატონ ფაბიოლა დე მორასთან, შვილი არ ჰყოლია. 1993 წლის 31 ივლისს ესპანეთში დასასვენებლად ჩასული 62 წლის მეფე, უეცრად გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი მეუღლე - ფაბიოლა 2014 წლის დეკემბერში გარადაიცვალა 86 წლის ასაკში.
ბოდუენ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უმცროსი ძმა ალბერთი ავიდა, რომელიც 2013 წლამდე მეფობდა. 1961 წლიდან გამეფებამდე პრინცი ალბერთი ბელგიის საგარეო ვაჭრობის ოფისის დირექტორთა საბჭოს საპატიო პრეზიდენტი იყო. 1958-92 წლებში იგი ბელგიის წითელ ჯვარს ხელმძღვანელობდა. ალბერთი თავის გულისწორს პირველად 1958 წელს, ვატიკანში, რომის პაპის იოანე XXVII -ის პაპად კუთხევისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე შეხვდა. დედოფალი პაოლა თავის მეუღლეზე სამი წლით უფროსია, დაიბადა ტოსკანაში, იტალიაში 1927 წლის 11 სექტემბერს. იგი თავად დონ ფულკო რუფო დი ქალაბრიის, ლომბარდიის მე-6 ჰერცოგის უმცროსი ქალიშვილია. სამეფო წყვილს სამი შვილი ჰყავთ, მათ შორის უფროსია ბელგიის ამჟამინდელი მეფე, მისი უდიდებულესობა მეფე ფილიპე, რომელიც ტახტზე ასვლამდე ცნობილი იყო, როგორც ბრებენთის ჰერცოგი. მეფე ალბერთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კონსტიტუციურ ფარგლებში ქვეყნის ფედერაციულ მმართველობისა და ერთიანობის შენარჩუნების კუთხით.
ბელგიის სამეფო ოჯახი - მეფე ფილიპე მეუღლესთან , დედოფალ მათილდასთან და მშობლებთან მეფე ალბერთთან და დედოფალ პაოლასთან ერთად.
2013 წლის 3 ივლისს ქვეყნის მოსახლეობისადმი მიმართვისას 79 წლის მონარქმა, ასაკისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საზოგადოებას ტახტიდან გადადგომის გადაწყვეტილება ამცნო.
2013 წლის 21 ივლისს 53 წლის მეფე ფილიპმა საზეიმო ფიცი დადო და სამეფო ტახტზე ავიდა. ფიცის დადებისას მან აღნიშნა: ”ვფიცავ დავიცვა ბელგიელი ხალხის კონსტიტუცია და კანონები, ვუზრუნველყო ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა”. ფიცის დადების ცერემონიალი წარმომადგენელთა პალატის დარბაზში მიმდინარეობდა და მას პარლამენტის დეპუტატები, სენატორები, მინისტრები, სამხედრო მოხელეები, უმაღლესი სასამართლოს წევრები, საეკლესიო ელიტისა და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.
პრინცი ფილიპე ბელგიის რიგით მე-7 მონარქია. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით იგი სახელმწიფოს მეთურია და 26-ე მუხლის თანახმად საკანონმდებლო ძალაუფლებას მონარქი პარლამენტის ორივე პალატასთან ერთად ახორციელებს. მას ასევე აქვს საინიციატივო უფლება (მუხლი 27-ე).
მეფე ყოველ კვირას აუდიენციაზე იღებს ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ხვდება ფედერალურ და რეგიონალურ მთავრობებს, პარლამენტის წევრებს, ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, საზოგადოების წარომადგენლებს.
საინტერესოა, რომ პრინცი ფილიპე, ბელგიის პირველი მონარქია, რომელსაც საოჯახო განათლება არ მიუღია. იგი ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1978-81 წლებში, მან ჯერ ბელლგიის სამხედრო აკადემიაში, ხოლო შემდეგ კი მსოფლიოში ცნობილ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სამებას კოლეჯში გააგრძელა სწავლა. მოგვიანეეით მეფე აშშ-ში, კალიფორნიაში, სთენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა პოლიტიკური მეცნიერების განხრით. როგორც სახელმწიფო მეთაური იგი ფლობს ქვეყნის უმაღლეს სამხედრო წოდებებს. მონარქის განსკუთრებული ინტერესის სფეროა ავიაცია.
ბელგიის დედოფალი მათილდა ქვეყნის ისტორიაში პირველი დედოფალია, რომელიც ბელგიელია და ბელგიაში დაიბადა. მომავალი მეფე და დედოფალი ერთმანეთს ჩოგბურთის კორტებზე შეხვდნენ. სამეფო ქორწილი 1999 წლის 4 დეკემბერს შედგა და ეს მე-20 საუკუნის ბოლო სამეფო ქორწილი იყო მსოფლიოში.
სამეფო წყვილს ოთხი შვილი ჰყავს: ქვეყნის მომავალი დედოფალი - პრინცესა ელისაბედი (დაიბადა 2001 წლის 25 ოქტომბერს), პრინცი გაბრიელი (დაიბადა 2003 წელს), პრინცი ემანუელი (დაიბადა 2005 წელს) და პრინცესა ელიონორა (დაიბადა 2008 წელს).
ბელგიის მეფე ფილიპე, დედოფალი მათილდა და მათი შვილები
გამეფების შემდეგ წყვილის ცხოვრების განრიგი მნიშვნელოვნად შეიცვალა. მეფე და დედოფალი ხშირად წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას საერთაშორისო არენაზე. მეფე 11.5 მლნ ევროს იღებს ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბელგიის მეფის ოფიციაური რეზიდენცია ლაქენის სამეფო ციხესიმაგრე ბრიუსელის გარეუბანში მდებარეობს. იგი ფრანგმა არქიტექტორმა შარლ დე ვაიმ ააგო 1782-1784 წლებში. ბრიუსელის ცენტრში მდებარე გრანდიოზულ სასახლეს სამეფო ოჯახი ოფიციალური ცერემონიებისთვის იყენებს.