ზაზა და ბავშვები
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი და „დალას მავერიქსის“ ლიდერი ზაზა ფაჩულია თავის გუნდთან ერთად ვაშინგტონში „უიზარდსს“ ესტუმრა და ერთი კარგი საქმის გაკეთებაც მოასწრო.
ფაჩულიამ აშშ-ში საქართველოს საელჩოს და ქართული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც შტატებში მცხოვრები ქართველი ბავშვებიც ესწრებოდნენ. „განათლება და დაუზარელი შრომა – აი, ეს არის წარმატების წინაპირობა“, – მიმართა ზაზამ პატარებს.
ქართველმა ვარსკვლავმა მის მიერ თბილისში გახნილი აკადემიის შესახებაც ისაუბრა, სადაც უკვე 250 ბავშვი ვარჯიშობს. აკადემიაში მოზარდებს უშუალოდ საკალათბურთო ნიუანსების გარდა, ფსიქოლოგიას და ინგლისურ ენასაც ასწავლიან. ზაზას აზრით, ეს კომპონენტები წარმატებული კარიერისთვის ასევე საჭიროა. „მინდა, ქართველი ბავშვები ნაღდ კალათბურთს ვაზიარო“, – დასძინა კაპიტანმა.
ფაჩულიას მადლობის გადახდა არც ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის დავიწყნია, რომლებსაც ზაზას პერსონალური ფან-ჯგუფიც აქვთ შექმნილი. „ჩემთვის ვაშინგტონში ჩამოსვლა ყოველთვის ამაღელვებელია, რადგანაც ყველაზე დიდი ქართული სათვისტომო მხვდება. თქვენი თანადგომა განსაკუთრებულ მოტივაციას მაძლევს. ამასთან, ამაყი ვარ, რომ საქართველოს წარმოვადგენ“.
მოგვიანებით, ზაზა ამ შეხვედრას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც გამოეხმაურა, სადაც დაწერა: „დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს, ქართულ ასოციაციას და ქართველ ემიგრანტებს ასეთი დახვედრისთვის და ლამაზი საღამოსთვის“.