ახალი სტანდარტის მთავარი ორიენტირი ფუნქციური ცოდნა იქნება
ეროვნულ სასწავლო გეგმას და მათ შორის, სამოქალაქო განათლების სტანდარტსაც მოქმედების ვადა 2016 წელს ეწურება. მიმდინარეობს ესგ-ის მთლიანად და მათ შორის, სამოქალაქო განათლების სტანდარტის რევიზია.
_მონიტორინგმა აჩვენა, რომ სამოქალაქო განათლების მიმართულებით ორი პრობლემა იკვეთება. პირველი, რომ პრაქტიკაში აქცენტი დეკლარატიულ ცოდნაზე კეთდება, მეორე _ მასწავლებლისთვის გასაგებია შედეგი (ანუ რას ითხოვენ მისგან), მაგრამ მას ამ შედეგის რეალიზაციის გზების დამოუკიდებლად შერჩევა უჭირს და მიჰყვება გაკვალულ გზას _ დაფისა და ცარცის ჩარჩოში... ასე ფუნქციური ცოდნის ეტაპზე გადასვლა არ ხერხდება. სამოქალაქო განათლების სტანდარტის რევიზია ამ პრობლემების გათვალისწინებით მიმდინარეობს._ ამბობს ნიკოლოზ სილაგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ისტორიის და სამოქალაქო განათლების ექსპერტი.
გთავაზობთ ინტერვიუს მასთან.
_რა ეტაპზეა ესგ-ის რევიზიის პროცესი და რა ძირითადი ცვლილებები იგეგმება სამოქალაქო განათლების სტანდარტში?
_მუშავდება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის მოქმედების ვადა 2016 -2021 წლები იქნება, ეს საქმე უკვე საკმაოდ შორსაა წასული. რევიზიის პროცესი, რომელიც ყველა საგანობრივ ჯგუფში მიმდინარეობს, მოიცავს სამოქალაქო განათლების სტანდარტსაც. რაც შეეხება ცვლილებებს, სამოქალაქო განათლების სწავლება დაიწყება უფრო ადრეული საფეხურიდან, ანუ მესამე კლასიდან. რადგან საკითხს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით აღიქვამენ, სჯობს განვმარტოთ: მესამე კლასში ჩვენ არ ვასწავლით კონკრეტულ საგნებს, არამედ შემოვა ინტეგრირებული საგანი ,,მე და საზოგადოება“. ის გულისხმობს ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებულ სწავლებას. ასევე გაგრძელდება მეოთხე კლასშიც. მეხუთე-მეექვსე კლასში იქნება საგანი ,,ჩვენი საქართველო“, რომელიც იგივე საგნების ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს. გვაქვს იმედი, უკვე მეშვიდე კლასიდან, მერვე და მეცხრე კლასის ჩათვლით, სამოქალაქო განათლება იქნება დამოუკიდებელი საგანი, თუმცა საბოლოოდ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
_ეს, რაც შეეხება ცვლილებებს საგნის ორგანიზების თვალსაზრისით, რა ცვლილებები იქნება შინაარსის თვალსაზრისით?
მინდა, აღვნიშნო სტანდარტის დიზაინსა და მიწოდების ფორმაზე. შევეცადეთ, ინსტრუქციები, რომელიც მოდის ეროვნული სასწავლო გეგმიდან, მაქსიმალურად კონკრეტული და ერთმნიშვნელოვანი ყოფილიყო. ეს ნიშნავს, რომ ახალი დიზაინის ფორმატში, მასწავლებელი მიიღებს პასუხს არა მხოლოდ იმის შესახებ, რა ასწავლოს, არამედ მიიღებს მნიშვნელოვან ორიენტირებს, თუ როგორ ასწავლოს ფუნქციურ კონტექსტში. იმედი გვაქვს, მათთვის ეს სტანდარტი უფრო ,,მშობლიური“ დოკუმენტი გახდება. კიდევ ერთი ცვლილება: მეხუთე-მეექვსე კლასებში საგანი ,,ჩვენი საქართველო“ არის ინტეგრირებული, პრაქტიკულად მასში სამოქალაქო განათლების ელემენტი ერთგვარად დაჩრდილული იყო. მოგეხსენებათ, საგანს ძირითადად ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები ასწავლიან და ალბათ, მიკერძოებას ეს ფაქტორი იწვევდა. ახალი სტანდარტით ისეა მოცემული, რომ სახელმძღვანელოს ავტორები და მასწავლებლები, გვერდს ვეღარ აუვლიან ამ საკითხებს, როგორც ეს სამწუხაროდ ხდებოდა.
_საუბარი იყო სამოქალაქო განათლების საგნის სახელწოდების შეცვლაზეც...
_ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. განიხილება მოსაზრება, რომ საგანს ეწოდოს ,,მოქალაქეობა“, რადგან შესაძლებელია, ,,სამოქალაქო განათლებაში“ მხოლოდ დეკლარატიული ცოდნის მიცემა მოიაზროს ვინმემ, თუმცა ასეთი შინაარსი არასდროს ყოფილა ჩადებული. ,,მოქალაქეობა“ უფრო ზუსტად გამოხატავს მიზანს (მოქალაქეების აღზრდას), რომელსაც ამ საგანს ვუსახავთ.
_შინაარსობრივი ცვლილებები უფრო დეტალურად რას გულისხმობს?
დავიწყოთ ,,მე და საზოგადოებით“. მისი კურიკულუმი შედგება ოთხი არსებითი ცნებისგან: ეს არის: მიზანი (რისთვის ვასწავლი), შინაარსი (რა თემებზე დაყრდნობით ვასწავლი), შეფასება (როგორ ვაფასებ, რასაც ვასწავლი) და მეთოდები (რომელი მეთოდებით ვასწავლი). ესგ-ში იყო და კიდევაც იქნება მითითებები ყველა მიმართულებით, მაგრამ ერთია ინსტრუქციები და მეორე _ როგორ გააცოცხლოს პედაგოგმა ეს ყველაფერი კლასში, ანუ როგორ გარდაიქმნას ჩამოწერილი მოთხოვნები საგაკვეთილო პროცესად. სიახლე ის არის, რომ შევქმენით საფეხურებრივი სტანდარტი. მასში იქნება მოთხოვნები, როგორც იყო. მაგრამ დავამატეთ წლიური პროგრამის ცნება. წლიურ პროგრამაში, მაპროვოცირებელ კითხვებთან ერთად, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, მოცემული იქნება გაკვეთილის იდეებიც კი. აქვე ხაგასმით აღვნიშნავ, რომ ეს იქნება არა სავალდებულო, არამედ, სარეკომენდაციო შემოთავაზებები. ანუ შემოქმედ მასწავლებელს აქვს თავისუფლება, მიჰყვეს სტანდარტს და არ მიჰყვეს რეკომენდაციებს. იოლი არ არის საკანონმდებლო დოკუმენტი აქციო ცოცხალ საგაკვეთილო პროცესად. ვისაც ეს პრობლემა აქვს (მერწმუნეთ, საკმაოდ ბევრს აქვს) ის გაყვება რეკომენდაციებს. გვაქვს 18 შედეგი საგნისთვის ,,მე და საზოგადოება“. გვინდოდა, შეგვერჩია ისეთი ყოფითი თემები, რომელთა ახსნაც მოსწავლეს არ სჭირდება. ამ ნაცნობი თემების კონტექსტში უნდა მოხდეს მიზანზე მუშაობა. შეირჩა 6 თემა: ,,ჩემი ოჯახი“, ,,თემი, რომელშიც ვცხოვრობ“, ,,ჩემი სკოლა“ ,,განათლება“ ,,რელიგია“ ,,მასმედია“. პედაგოგი სტანდარტში ნახავს რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს მეოთხე კლასის ბოლოს. წლიურ პროგრამაში ნახავს რას გულისხმობს ეს მოთხოვნა საგაკვეთილო მიზნის დონეზე, ანუ ორი-სამი გაკვეთილისთვის რა მიზანი აქვს და აქვე ნახავს იდეებს გაკვეთილის დაგეგმვისათვის (რა აქტივობების საფუძველზე უნდა განახორციელოს ეს). მოცემულია შეფასების რუბრიკებიც, აქტივობებიც და ფაქტიურად, ამ წლიურ პროგრამაზე დაყრდნობით, პედაგოგს შეუძლია, ნაბიჯ-ნაბიჯ იმუშაოს შედეგზე გასასვლელად. ეს რაც ,,მე და საზოგადოებას“ ეხება.
მეხუთე-მეექვსე კლასში, გვაქვს საგანი ,,ჩვენი საქართველო“, რომელიც გულისხმობს მხარეთმცოდნეობითი პრინციპით საქართველოს ყველა კუთხის შესწავლას. აქ პრობლემა გვქონდა ის, რომ მიუხედავად სტანდარტის განსხვავებული შედეგებისა, აქცენტი დეკლარატიულ ცოდნაზე კეთდებოდა და ხშირად გაკვეთილი დადიოდა მდინარეების, მთების და მონასტრების ჩამოთვლამდე. აქაც დავაკონკრეტეთ: მაგალითად, ქართლის სწავლებისას, ისე უნდა წარიმართოს პროცესი, რომ მოსწავლეს გაუჩნდეს კითხვა, რა შემიძლია გავაკეთო მე ამ კუთხის პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობისთვის. სამოქალაქო განათლების მხარის გაძლიერებაში სწორედ ამას ვგულისხმობთ. ორივე საგანი ისეა დაგეგმილი, რომ აქცენტი გადატანილია მოსწავლის ქმედებაზე: რა უნდა გავაკეთო მე ოჯახისთვის, სკოლისთვის, თემისთვის... ფუნქციური ცოდნის წინ წამოწევა, დეკლარატიული ცოდნის ფუნქციურად გარდაქმნა არის სამოქალაქო განათლების მიზანი.
რაც შეეხება სამოქალაქო განათლებას, აქ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვართ. აქაც სავარაუდოდ, სტანდარტი ისე იქნება ორგანიზებული, რომ პირველ ეტაპზე (იქნება ეს კლასი თუ სემესტრი) მოსწავლის აქტივობები იქნება მიმართული თემზე, მაგალითად, რა უნდა გავაკეთო თემში ისეთი, რომ ჩემი ქმედება იყოს ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე? შემდეგ მონაკვეთში _ ქალაქის, რეგიონის და ბოლოს, სახელმწიფოს დონეზე. პრინციპი იგივე რჩება, ნაცნობიდან მივდივართ უცნობისაკენ.
_გათვალისწინებულია თუ არა არსებული სახელმძღვანელოების გადასინჯვა, ან ახალი სახელმძღვანელოებისთვის კონკურსის გამოცხადება?
_დიახ, ეს სტანდარტული პროცედურაა, როცა ესგ-ს რევიზია ხდება, მით უმეტეს, ახალი დისციპლინის დამატება, ,,მე და საზოგადოებას“ ვგულისხმობ, ამას თავისთავად მოსდევს სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შემუშავება და ამოქმედება და მასწავლებლების გადამზადება.
_,,მე და საზოგადოების“ სტანდარტის შემუშავება მიმდინარეობდა ღიად და საზოგადოების მაღალი ჩართულობით და მაინც საგანს გამოუჩნდნენ ოპონენტები და პროცესი მოულოდნელად შეფერხდა. ამ შეფერხებამ რა გავლენა იქონია სტანდარტზე?
_ამას შეფერხებას ვერ დავარქმევთ, მით უმეტეს, როცა საუბარი სამოქალაქო განათლებას ეხება, დისკუსიები და განხილვები ზედმეტი არასდროს არის.
_უსასრულო დისკუსიაში ვერ ვიქნებით, შეჯერებასაც თავისი დრო აქვს...
_დისკუსიები, თუნდაც გაჭიანურებული, სამუშაო პროცესის ნაწილია. თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, რომ ამ სტანდარტის შემუშავება სანიმუშო ჩართულობით მიმდინარეობდა. იდეის ინიცირებიდან დაწყებული, მისი განვითარებით დამთავრებული, პროცესში ჩართულნი იყვნენ სამინისტროს თანამშრომლები, პრაქტიკოსი პედაგოგები, ფსიქოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საპატრიარქოს წარმომადგენლები... ამჟამად, სტანდარტი მზად არის და მისი დამტკიცება მოხდება ესგ-ის დამტკიცებასთან ერთად, რომლის ნაწილსაც ის შეადგენს. ასე რომ, ამ დისკუსიებს რაიმე შეფერხება არ გამოუწვევია და მას გარკვეული შედეგი ჰქონდა.
_დებატების ბოლო ,,რაუნდით“ რა შეიცვალა სტანდარტში?
_ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ვისთვის და რატომ ვწერთ ამ სტანდარტს. ხანდახან პროფესიონალები მხოლოდ პროფესიულ სტანდარტებს მისდევენ და იჩრდილება ის საკითხი, თუ ვისთვის სწერენ ამ სტანდარტს. დიდი დრო დავუთმეთ განწყობების შესწავლას, რაშიც ძალიან დაგვეხმარა ფართო დისუსია, მათ შორის საპატრიარქოსთან. ჩვენ ნათლად დავინახეთ, სად შეიძლება წავწყდომოდით უნდობლობას, ეჭვს. რა შეიძლებოდა ყოფილიყო გაგებული არაერთმნიშვნელოვნად, ამიტომაც შევეცადეთ გვემუშავა კონსტრუქციულად, რომ შედეგი საზოგადოებისთვის მისაღებიც ყოფილიყო და გასაგებიც. მაგალითისთვის, ერთ თემად გვაქვს ,,ოჯახი“. ამ თემას ერქვა ,,მე და ოჯახი“. გამოითქვა ეჭვი ასეთი ფორმულირება, რაღაც დაპირისპირებას ხომ არ იტევდა. ასეთი რამ არავის უფიქრია, მაგრამ გაუგებრობის გამოსარიცხად შევცვალეთ და დავარქვით ,,ჩემი ოჯახი“. იყო საკითხი ,,პიროვნება და იდენტობა“ უკანასკნელმა სიტყვამ გამოიწვია უნდობლობა. ასეთი ნიუანსები ჩასწორდა, რომ ყოველგვარი ეჭვი და ორაზროვნება გამორიცხულიყო.
_,,მე და საზოგადოებას“ სამოქალაქოს პედაგოგები ასწავლიან, თუ დაწყებითის პედაგოგები?
_აქ ორი ალტერნატივა არსებობს, პირველი, რომ ეს ასწავლოს კლასის დამრიგებელმა და მეორე საგნის მასწავლებელმა. ჩემი აზრით, ,,მე და საზოგადოება“ უნდა ასწავლოს დამრიგებელმა. ის კარგად იცნობს ბავშვს, მის ოჯახურ სიტუაციას, მისთვის ნაცნობია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, მათთვის გასაგები ლექსიკა. ვშიშობ, მაღალი კლასების ისტორიის ან გეოგრაფიის მასწავლებლებს გაუჭირდებათ ამ საჭიროებებთან გამკლავება, რაც შედეგზე იმოქმედებს. თუმცა ეს ჩემი პოზიციაა და არსებობს საპირისპირო მოსაზრებებიც, იმ გაგებით, რომ საგნობრივი კომპეტენციები უფრო მთავარია.
_საგნობრივი კომპეტენციები ახსენეთ, ამ მიმართებით სერიოზული პრობლემები არსებობს _ობიექტურიც და სუბიექტურიც...
_პედაგოგთა კვალიფიკაცია პრობლემად რჩება, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს, აქ მიდგომა გახლავთ ასეთი, რომ საგანმა თვითონ უნდა გამოზარდოს პედაგოგები. ვინც დაიწყებს საგნის სწავლებას, ,,კეთებით სწავლის" მეთოდით, უნდა აიმაღლოს კვალიფიკაცია, რა თქმა უნდა, იქნება მხარდაჭერა ტრენინგებით, დამხმარე ლიტერატურით და ასე შემდეგ. ასეთია რეალობა, ეს ადამიანები უნდა გაგვიზარდოს სტანდარტმა.
_ დემოკრატიის სწავლება არადემოკრატიულ გარემოში საკმაოდ რთული გამოწვევაა.
გეთანხმებით, მაგრამ ეს მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. თუ სასკოლო თემი არ მიდის დემოკრატიის მიმართულებით, ძალიან რთულდება საგნის სწავლების პირობები. რაც შეეხება სასკოლო თემის გარდაქმნას, აქ ძალზე საინტერესოა ერთი ფაქტორი: ძველ სტანდარტშიც იყო პროექტის ცნება, მაგრამ ახლა სავალდებულო მოთხოვნად იქცევა. სასკოლო თემი პრაქტიკაში დაინახავს მოსწავლეების რეალურ ძალას. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ პროექტი იყოს არა საჩვენებელი აქტივობა, არამედ მუშაობის წესი, ამით მოსწავლეების ჩართულობა მოიმატებს და ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი სასკოლო თემის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით.
ესაუბრა ნინო კაპანაძე