ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სტრატეგიები
სამოქალაქო განათლების საბოლოო მიზანი ინფორმირებული და პასუხისმგებლობიანი მოქალაქის აღზრდაა და კოლეგები დამეთანხმებიან, რომ შედეგზე გასასვლელად სასკოლო სივრცეში პირველ გამოცდილებას სკოლის, თემის პრობლემების გამოკვეთის, მათი გადაჭრის გზების ძიების, ადვოკატირების განხორციელების საქმეში რა დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ პროცესების წარმართვის დროს თავისთავად დგება ადგილობრივ თვითმმართველობებთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხი.
სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საუბარს არ გავაგრძელებ, იმას კი ავღნიშნავ, რომ ხანგრძლივი კვლევების და დაკვირვების საფუძველზე, შემიძლია დავასკვნა, რომ გორსა და გორის რაიონში ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალქეებს შორის თანამშრომლობის ხარისხი დაბალია, მოქალაქეები არ აქტიურობენ, მათ მიაჩნიათ, მათ მაგივრად ვიღაც სხვამ უნდა თქვას სათქმელი, ვიღაც სხვა უნდა დაინტერესდეს მათი პრობლემებით, მათი საკეთებელიც სხვამ უნდა გააკეთოს. ასეთი დამოკიდებულება ცხადია, ხელს ვერ შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რაც დემოკრატიის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. გორის პრობლემა სხვა რეგიონებისთვისაც ნიშანდობლივია და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა ამ მიმართულებით ჩვენთანაც და სხვაგანაც ამინდს ვერ ცვლის.
არსებული არასასურველი რეალობა გარკვეულწილად მაპროვოცირებელი გამოდგა ჩემთვის, როგორც სამოქალაქო განათლების პროცესებში ჩართული ადამიანისათვის. მასწავლებლის პროფესია გამორჩეულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. თუ გვინდა, ხვალ ეს პრობლემები აღარ გვქონდეს, დღეს მოსწავლეებში ინიციატივებსა და აქტიურ ჩართულობას ხელი უნდა შევუწყოთ. აქტიური მოქალქეების აღზრდა დიდწილად დამოკიდებულია საგანმანათლებლო სივრცეში მოღვაწე ადამიანებზე, თუმცა, გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
საგაკვეთილო პროცესი საკმარისი არ არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად, არაფორმალური განათლება ქმედითი ცოდნის წინაპირობაა, ამიტომ სკოლაში დავაფუძნეთ სამოქალაქო კლუბი „ალტრუისტები“, სლოგანით _ „ჩვენ ვიცხოვრებთ სამართლიან სამყაროში“. კლუბის სახელწოდება თავად გამოხატავს მის მიზნებს .
მოსწავლეებში ადვოკატირების უნარების განვითარებას, ჩემის აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ უნარების განვითარებაზე განსაკუთრებულად ვმუშაობ. ყოველი აქტივობის შემდეგ ვაკეთებ თვითშეფასებას და ანალიზს, რამდენად გაიზარდა ახალგაზრდებში ეს უნარი. ვარჩევ ახალ სტრატეგიებს და ვითვალისწინებ კოლეგების რჩევებს .
ადგილობრივ თვითმმართველობასთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა საუკეთესო გამოცდილებაა საიმისოდ, რომ ახალგაზრდებმა მომავალში შეძლონ ადვოკატირების კამპანიის განხორციელება. ინიციატივები მოდიოდეს მათგან და არ იცხოვრონ პასიურად, საკუთარი უფლება-მოვალეობების გაუცნობიერებლად. ამერიკელი სოციოლოგის როჯერ ჰარტის „მონაწილეობის კიბის“, არსის გააზრება გვეხმარება სწორი ორიენტირების შერჩევაში_ სამოქალაქო მონაწილეობის ხარისხის გაზრდაში უდიდეს როლს თამაშობს ინიციატივა ,,შიგნიდან“ და „გადაწყვეტილების მიღება“, როდესაც ახალგაზრდები დამოუკიდებლები არიან სასარგებლო საქმის კეთებაში.
ხშირად უკითხავთ: _როგორ ახერხებთ ,რომ ადგილობრივი მთავრობა თქვენს ინიციატივებს აკმაყოფილებს და გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს?
პირველ რიგში, ხდება ადგილობრივ თემში პრობლემების საჭიროების კვლევა, რასაც მოსწავლეები ახორციელებენ. ვცდილობ, ჩემი ჩარევა იყოს მინიმალური, დავრჩე გეზის მიმცემის როლში. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვიზიტამდე ვიცით, რა პრობლემას ვუწევთ ადვოკატირებას, ვამზადებთ პრობლემის ამსახველ პორტფოლიოს. იდენტიფიცირებული გვაქვს არასასურველი რეალობა და გვინდა სასურველით შეცვლა. ამის შემდეგ მოსწავლეები მიდიან ხელისუფლების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან და აცნობენ არსებული კვლევის შედეგებს, არგუმენტირებულად საუბრობენ პრობლემებზე და მისი გადაჭრის ან ნაწილობრივ მოგვარების გზებზე. მოსწავლეები თავადაც ერთვებიან სხვადასხვა ტიპის აქციებში,ზრუნავენ ქალაქის იერ-სახეზე, მოხალისეობრივად მონაწილეობენ სხვადასხვა საქმეებში. მოსწავლეები ესწრებიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართულ დებატებსა და დისკუსიებს, თავადაც სვამენ კითხვებს. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ დეპუტატებს სკოლაში ხვდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ამ ყველაფერს ახალგაზრდები აკეთებენ შინაგანი მოტივაციით. ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, როცა მოსწავლეთა მხრიდან ისმენს საქმიან, არგუმენტირებულ საუბარს თემის პრობლემებზე. ამგვარი თანამშრომლობის შედეგია რამდენიმე საშუალოვადიანი პროექტი, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვიფინანსა. გამოვყოფ პროექტებს „წლის მოაზროვნე“, ,,ეთნოსკოლა“ და „ახალგაზრდები გარიყულაში“. ამ პროექტებს ჰქონდა კონკრეტული მიზნები და საბოლოოდ ყველა ერთი შორს მიმავალი მიზნისკენ მიდიოდა, ეს გახლავთ ინფორმირებული, აქტიური მოქალაქის აღზრდა. მიზნები რეალისტური გვქონდა და ამიტომაც აქტივობები დაგეგმილ დროში წარიმართა. მაღალი იყო ჩართულობის ხარისხი. პროექტში მონაწილეობდნენ გორისა და გორის რაიონის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი მედია და საჯარო სამსახურები. ჩვენი საქმიანობა ამ მიმართებით ისევ გრძელდება და დარწმუნებულნი ვართ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერაც გვექნება. ამ მხარდაჭერის მოპოვების, თანამშრომლობის სტრატეგიებს ყოველთვის დაკვირვებით ვირჩევთ. ეს პროცესები საინტერესოა იმ მიმართებითაც, რომ პროექტის კონკრეტული შედეგის პარალელურად, გავდივართ უამრავ ფარულ მიზანზე, რაც საკვანძო კომპეტენციების განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
რომ შევაჯამოთ, ჩვენი აზრითა და გამოცდილებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობის ოთხი ძირითადი ,,გასაღები“ გვაახლოებს სასურველ მიზანთან: კარგად გამოკვეთილი პრობლემა, მისი მოგვარების აუცილებლობის დამადასტურებელი არგუმენტები, ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბებული, რეალისტური მხარდაჭერის მოთხოვნა და რაც შეიძლება მეტი, აქტიური და ინფორმირებული ახალგაზრდის ჩართულობა.
მერი ბეჟუაშვილი
სსიპ გორის მე-7 საჯარო სკოლის პედაგოგი, ა/ო „სამოქალაქო საზოგადოების გზამკვლევის“ ხელმძღვანელი.