პირველმა მეორეს აჯობა
ახალ სპორტის სასახლეში თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა. ფინალში ერთმანეთს საკალათბურთო აკადემიის პირველი და მეორე გუნდები შეხვდნენ.
პირველ გუნდს წვრთნიან გელა წულაძე და ირაკლი ტომარაძე, ეს გუნდი მეორე ფინალისტზე ერთი წლით უფროსი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და ფინალის ფავორიტად ითვლებოდა. მეორე გუნდის მწვრთნელები არიან ალექსი ჯაფარიძე და გია კაზანჯიანი.
ფინალის პირველი მეოთხედი ოდნავ დაძაბული იყო, რომლის შემდეგაც, აკადემიის პირველი გუნდი წინ გაიქცა. მეორე მეოთხედი ფავორიტმა 29:6 მოიგო და დიდი შესვენების შემდეგ, მშვიდად შეინარჩუნა უპირატესობა.
„აკადემია 2" ძალიან ცუდად ასრულებდა სამქულიან ტყორცნებს (10-დან 1 შედეგიანი სროლა) და გუნდმა 22 საჯარიმოდან მხოლოდ 11 გამოიყენა. საბოლოოდ 91:52 აკადემიის პირველი გუნდის სასარგებლოდ.
27 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი - წაგებული გუნდიდან მიშა ზურაბაშვილი ძალიან კარგი იყო. მისი თანაგუნდელებიდან ვერავინ ვერ მოაგროვა 10 ქულაც კი.
ჩემპიონის შემადგენლობაში ყველაზე ბევრი (26 ქულა) ოთო პერტაიამ მიითვალა, რომელიც საბოლოოდ, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
მესამე ადგილზე გავიდა „იბერი", რომელმაც „არმიას" 64-57 მოუგო.
„აკადემია 2" მედლებით და პრიზებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ღონღაძემ, ხოლო ჩემპიონები კავშირის გამგეობის წევრმა, ლევან წულაიამ დააჯილდოვეს.
მაყურებელთა სიმპათიის პრიზი „იბერის" ლიდერმა, ირაკლი სულხანიშვილმა მიიღო.
ჩემპიონის თასი „აკადემიის" პირველი გუნდის კაპიტანმა საბა გეგუჩაძემ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტისგან, პაატა გურასპაულისგან მიიღო.
ამ ტურნირის ორგანიზატორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი იყო, ხოლო მისი პარტნიორი - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.