თბილისის წიგნის დღეები 2015
წიგნის ფესტივალი კითხვის მოყვარულთათვის განსაკუთრებული მოვლენაა. უკვე მეორე წელია, წიგნის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც მაისში ტარდება, შემოდგომაზე ახალი ზეიმი _ თბილისის წიგნის დღეები _ დაემატა და ქართველ მკითხველებს საკუთარი თაროების შევსებასთან ერთად, საფულეების შევსების საზრუნავიც გაუჩინა.
26 ნოემბერს „თბილისის წიგნის დღეები _ 2015“ გაიხსნა და ყველა, ვისაც ლიტერატურა უყვარს, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცისკენ დაიძრა. წიგნის მოყვარულები ჯერ კიდევ ფესტივალის დაწყებამდე გაეცნენ გამომცემლობების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების გვერდებზე გამოქვეყნებულ ფასდაკლებების კატალოგებს.
აქ, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, ფესტივალის დღეებში ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო და განწყობაა. აქ ხვდები უამრავ მეგობარსა და ნაცნობს, უზარმაზარ დარბაზში დიდხანს დადიხარ და ხელში წინასწარ შედგენილი უგრძესი სიით გამომცემლობების სტენდებს ხარბად ათვალიერებ. წელს მკითხველებს ბევრი საინტერესო სიახლე დახვდათ. „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ სერიას იტალო კალვინოს „უხილავი ქალაქები“, ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“, პოპულარულ სერია „ამერიკელებს“ კი ჯონ აპდაიკის „ბრაზილია“ დაემატა, ითარგმნა ტრეისი შევალიეს „გოგონა მარგალიტის საყურით“.
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ მკითხველს მიშელ უელბეკის ბოლო რომანი „მორჩილება“, ნილ გეიმანის „ვარსკვლავის მტვერი“, რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“, კერი სმიტის „არ დაინდო ეს დღიური“, ჯეფ კინის „წრიპა ბიჭის დღიურები“, ტიმურ ვერმესის სატირულ-იუმორისტული რომანი „ის კვლავ აქ არის“ და სხვა საინტერესო სიახლეები დაახვედრა.
გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ თავის ერთგულ მკითხველებს „ნარნიას ქრონიკები“, „მხედვარის“ მეორე ნაწილი, ძმები სტრუგაცკების „ორშაბათი იწყება შაბათს“, რობერტ ჰაინლაინის „კარი ზაფხულში“ და სხვა წიგნები შესთავაზა. „ინტელექტის“ მიერ გამოცემული გაბრიელ გარსია მარკესის და მილორად პავიჩის ნაწარმოებები, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ჰერმან კოხის „ვახშამი“ და სხვა უამრავი წიგნი, „ოჩოს წიგნებისა“ და „არტანუჯის“ შესანიშნავი შეთავაზებები მკითხველს ფართო არჩევანს სთავაზობს და საგონებელშიც აგდებს _ არჩევანის გაკეთება ნამდვილად ძნელია.
საგამოფენო პავილიონში წიგნებთან დაკავშირებული უამრავი აქსესუარი იყიდება. სასურველი წიგნების შესაძენად და ყველა გამომცემლობისა და მაღაზიის სტენდის საგულდაგულოდ დასათვალიერებლად ერთი დღე ნამდვილად არ არის საკმარისი, თან ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ წიგნის დღეები სტუმრებს წიგნების ფასდაკლებით შეძენის გარდა, სხვა უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. საინტერესო გამოფენები, შეხვედრები ცნობილ ავტორებსა და ილუსტრატორებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, წიგნების პრეზენტაციები, საჯარო ლექციები, დისკუსიები და უამრავი საბავშვო ღონისძიება თითოეულ ადამიანს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს.
წელს ფესტივალზე „პალიტრა L“-მა პროექტ Liberteens-ის ბესტსელერის „წყლის საიდუმლოს“ ავტორს, ცნობილ ფინელ მწერალს, ემი იტერანტას უმასპინძლა. საგამოფენო პავილიონში ნიუ-იორკელი ხელოვანის, კრისტოფერ მაიერსის კოლაჟის, ფოტოსა და ქსილოგრაფიის გამოყენებით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამავე პავილიონში ავსტრიელი გრაფიკოსისა და ილუსტრატორის, ლინდა ვოლფსგრუბერის 18 ილუსტრაცია და ბელგიელი ილუსტრატორის ტომ სხამპის ნამუშევრებიც გამოიფინა. ავსტრიელმა ფოტოგრაფმა და დიზაინერმა ვილი პუხნერმა ფესტივალზე წარმოადგინა პრინცების, პრინცესებისა და ზღაპრული ცხოველების ანბანი, ონის რაიონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა _ ფესტივალ „არტელისთვის“ დამზადებული საფრთხობელები, ჩეხმა ხელოვანმა პეტრ ბანკოვმა კი _ საინტერესო პოსტერები.
ფესტივალს, რა თქმა უნდა, არც ბავშვები დაუტოვებია უყურადღებოდ და უამრავი ახალი წიგნის გარდა, სახალისო შემეცნებითი ღონისძიებებითაც გაანებივრა: დოქტორმა მოლეკულამ მათთვის გასართობი ექსპერიმენტები ჩაატარა იმ ნივთებით, რომლებიც სახლში ყველას მოგვეპოვება. დოქტორ მოლეკულას დევიზი მარტივია: მეცნიერული განათლება შეიძლება სახალისო და ხელმისაწვდომი იყოს. ამას მოჰყვა ვილი პუხნერის მხიარული ვორკშოპი ნამუშევრების შექმნითა და თამაშით. ამ დღეების განმავლობაში ბავშვებმა ერთი დღით ხილის წვენის მწარმოებლის როლიც მოირგეს და სახლში თითო ბოთლი საკუთარი ხელით დაწურული ვაშლის წვენიც წაიღეს, პარტიზან მებაღეებთან ერთად ქოთნებში მცენარეები დარგეს, წიგნები წაიკითხეს, ილუსტრაციები შექმნეს და იცეკვეს კიდეც.
ფესტივალის ფარგლებში გამომცემლები, რედაქტორები და ილუსტრატორები არაერთ ღონისძიებას, კონკურსსა და სემინარს დაესწრნენ. საჯარო ლექციები ჩაატარეს უდიდესი ნორვეგიული გამომცემლობის „კაპელენ დამის“ რედაქტორმა ბერნარდ მორიმ, მიუნჰენის საერთაშორისო ახალგაზრდული ბიბლიოთეკის დირექტორმა ქრისტიანე რააბემ, უკრაინული გამომცემლობა NIICE-ის დამაარსებელმა არიანა ხმელნიუკმა და სხვ. ეს გამოფენების, პრეზენტაციების, საჯარო ლექციებისა და სხვა ღონისძიებების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია. ოთხმა დღემ საოცრად სწრაფად და საინტერესოდ ჩაიარა. „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში საქმიანი ფუსფუსი შეწყდა. გაზაფხულის ფესტივალამდე დიდი დროა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია კი 25-27 დეკემბერს მკითხველებს კიდევ ერთი ფასდაკლებით გაახარებს, საახალწლო ფესტივალი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება.