ქუთაისელებს უყვართ წყალბურთი
ქუთაისის ახალგაზრდა წყალბურთელთა გუნდი შეიქმნა 2010 წელს, რომელიც ქუთაისის მერიის დაფინანსებით ფუნქციონირებს. მიეკუთვნება ააიპ ,,ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას“, გუნდი მომზადებას გადის საცურაო კომპლექსზე ,,ლაგუნა“.
,,ქუთაისი“ შედგება ოთხი ასაკობრივი გუნდისგან, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატში და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში. ამ ხნის განმავლობაში წყალბურთელთა გუნდ ,,ქუთაისს“ მოპოვებული აქვს შემდეგი წარმატებები: 2012 წელს მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს პირველობაში, 2013 წელს იმავე ტურნირში მეორე ადგილს შესწვდა. 2013 წელს ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ,,პეტრე ბრეუსის თასი“ მეორე ადგილი მოიპოვა, მომდევნო წელს – მესამე იყო. ქალაქ ქუთაისის გარდამავალი თასის ტურნირზე, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდა, სამივე წელს გამარჯვება ,,ქუთაისმა“ მიითვალა. გუნდმა 2014 წელს ასევე წარმატებით იასპარეზა ბაქოში გამართულ ტურნირზე, სადაც საპატიო მესამე ადგილი დაიკავა 1997-1998 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა შორის.
ახალგაზრდა ქუთათურები რეგულარულად გადიან საწვრთნელ შეკრებებზე საჩხერეში, ბათუმში, ბაკურიანსა და სურამში.
აღსანიშნავია, რომ ,,ქუთაისის“ რამდენიმე მოთამაშე ირიცხება საქართველოს ნაკრებში. ესენი არიან – 1998 წელს დაბადებული მიხეილ გვენცაძე და 2000 წელს დაბადებულები: დავით ცხაკაია, გიორგი ცხვედიანი, რამინ ჩოგოვაძე და გიორგი გვანცელაძე.
გარდა იმისა, რომ ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება მნიშვნელოვნად ეხმარება წყალბურთელთა გუნდს, მის განვითარებასა და პროფესიულ მომზადებაზე ზრუნავს იმერეთში შექმნილი საწყლოსნო ასოციაცია, რომლის პრეზიდენტია დავით დვალი, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საწყლოსნო ფედერაციასთან.
წყალბურთის გუნდ ,,ქუთაისს“ ავარჯიშებენ: მთავარი მწვრთნელი: მიხეილ ლომთაძე, მწვრთნელები: სერგო კირიაკიდი, ევგენი გორგოძე და გიორგი მამისეიშვილი.