გალაკტიონ ტაბიძის “შერიგება”
სიკვდილთან შეხვედრა კაცობრიობის უმთავრეს საფიქრალთაგანია, “კაცად აღარყოფნის სევდა” (გოდერძი ჩოხელი) ნებისმიერი ადამიანისთვის ნაცნობი საწუხარია. ამიტომ ეს მოტივი ხშირად გვხვდება მსოფლიო ლიტერატურაში.
სიკვდილზე ფიქრს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაშიც. მის შემოქმედებაში გვხვდება ყველა ცნობილი თემა: სიკვდილი უსამართლო და დაუნდობელია, ის ყველას მოგველის, ანადგურებს ყოველივეს, აჭკნობს და აქრობს მიწიერ დიდებასა თუ სილამაზეს (მეორედ მოსვლა სამყაროსაც აღგვის მიწის პირისაგან), მისგან ვერაფერი გვიხსნის, გარდა ამქვეყნიური ვალის მოხდისა, სწორად ცხოვრების გზით სამუდამო სასუფევლის დამკვიდრებისა... აქ შევხვდებით მწუხარე თვალებიან ანგელოზს, იმქვეყნად წასაყვანთა პერგამენტზე ჩამოწერილი გრძელი სიით; დროის ქარისაგან განადგურებულ, გადაცვენილ, დამჭკნარ და მოწყენილ ატმის ყვავილებს; “ქართა ქარვას” გაყოლილ ახალგაზრდობას; ჩამავალი მზის სევდას; სიკვდილი, ერთგვარად, პერსონიფიცირებულიც კია პოეტის მიერ და მკითხველი მასთან ერთად ხედავს:
“მოდის სიკვდილი, ჭკნობის მსურველი,
დაჭკნა ყვავილი, გაქრა სურნელი”...
თუმცა, გალაკტიონის უმთავრესი თავისებურებაა, რომ იგი, როგორც კაცი და როგორც პოეტი, არ უშინდება სიკვდილს, მისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც ადამიანი ოდესმე აუცილებლად იგემებს, ამიტომ, როგორც “კაცი მეცნიერი”, სიკვდილთან შეგუებისა და ამით მასთან “გამკლავების” გზებს ეძებს.
ამ თემას ეძღვნება გალაკტიონის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი “შერიგებაც”, რომელიც გათვალისწინებულია სასკოლო პროგრამით, კერძოდ, XI კლასში ისწავლება (იხ. თამაზ ვასაძისა და ნინო შარაშენიძის სახელმძღვანელო, თბ. 2007, გვ. 69).