რევაზ ინანიშვილის სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული რამდენიმე ნაწარმოების ანალიზი
მოთხრობა “მირანდუხტ” საზოგადოებაში პიროვნების როლსა და ადგილს ეხება, ადამიანთა ურთიერთობის კულტურასა და გამორჩეული პიროვნების ფასს გვასწავლის. გერონტისა და მისნაირთა გარემოში მირანდუხტი არაამქვეყნიურ არსებად ჩანს, მაღაზიაში უცხოსავით რომ გამოიყურება.
მწერალი მთავარ გმირს ყველასაგან განსხვავებულ პიროვნებად ასახავს, გოგონა აშკარად განირჩევა რიგში მდგარი ადამიანებისა თუ მათი შვილებისა და შვილიშვილებისაგან. ეს სიფრიფანა დედოფალი, ქალბატონი, არა მხოლოდ გარეგნობით, სიარულის მანერითა და ხასიათითაა გამორჩეული, არამედ სახელიც კი სადედოფლო ჰქვია: “მირანდუხტი”.
მეორე მხრივ, საზოგადოებაა, ზოგი _ მორჩილი, ზოგი _ გაღიზიანებული, ანჩხლი, ზოგი _ ცხოვრებით დაღლილი, “თითქოს რაღაც ტვირთით მხრებდამძიმებული”, თუმცა ყველა მათგანი ეგუება საზოგადოებრივ “მორალს”, თავს არ იტკივებს ზნეობრივ ღირებულებებზე დარდით, პიროვნების შეურაცხყოფას, მოტყუებას, აბუჩად აგდებას ჩვეულებრივ მოვლენად თვლის...
ამიტომაა, რომ მოთხრობის პერსონაჟთა დიდი ნაწილი არასწორად რეაგირებს გოგონას საქციელზე. თუმცა მირანდუხტი მოხუცს გამოექომაგა, მისი მოტყუების შესაძლებლობა არ მისცა გამყიდველს, თავისი ფულიც სწორად იანგარიშა, რის გამოც ქების ღირსი იყო, რიგში მდგომებმა გაკიცხეს, უზრდელად ჩათვალეს და დედამისის ავქალობაც წარმოიდგინეს (“დედა ეყოლება მაგას... ჩემს მტერს!”).
რევაზ ინანიშვილის მიერ დახატულ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენა არ აინტერესებს. ნებისმიერი ადამიანისთვის მთავარია, რიგში დიდხანს არ იდგეს. ერთადერთი ვიღაც გაუბედავად ექომაგება მირანდუხტს, მაგრამ, როგორც კი შეპასუხებას დაუპირებენ, გაჩუმებას ამჯობინებს: