შეცდომები, რომლებსაც მშობლები ხშირად უშვებენ
შეცდომები, რომლებსაც მშობლები ხშირად უშვებენ
1. ბავშვი არ უჯერებს, ის კი ცდილობს თავისი გაიტანოს, ძალდატანებისთვის იყენებს ავტორიტეტს, მიმართავს მუქარას...
2. სურს იყოს ,, კარგი მშობელი“, იმის ნაცვლად, რომ იყოს გულწრფელი და ბუნებრივი...
3. მეტისმეტად ხშირად იყენებს აკრძალვებს.
4. ზედმეტად ენერგიულად და ემოციურად რეაგირებს შვილის წარუმატებლობასა და ნეგატიურ ქცევაზე, მაშინ როცა მის წარმატებას ჩვეულებრივ ამბად იღებს.
5. ბავშვისთვის მცირე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიცემის შემთხვევაში, მხოლოდ მოჩვენებით ნდობას ამჟღავნებს და სინამდვილეში აგრძელებს კონტროლს.
6. გადაჭარბებულად აქებს შვილს.
7. ცდილობს, აიძულოს შვილი იყოს ,,კარგი ადამიანი“.
8. ცდილობს დაიცვას შვილი, ერევა მის სოციალურ ცხოვრებაში.
9. თავს მთლიანად უძღვნის შვილს, ივიწყებს საკუთარ მოთხოვნილებებსა და ინტერესებს.
10. მეტისმეტად ცდილობს შვილის განვითარების სტიმულირებას;
ფსიქოლოგები გამოყოფენ ტიპიურ შეცდომებს, რომელსაც ხშირად უშვებენ მშობლები და ამასთან ერთად, გვთავაზობენ რეკომენდაციებს ანალოგიური სიტუაციებიდან თავის დასაღწევად.
პირველი შეცდომა: ბავშვი არ უჯერებს, მშობელი კი ცდილობს თავისი გაიტანოს, ძალდატანებისთვის იყენებს ავტორიტეტს, მიმართავს მუქარას...
ასეთი რამ ყოველდღე, ყველა ოჯახში ხდება.მშობლებსაც შეიძლება გავუგოთ . როგორ მოიქცნენ? მიუშვან და ყველაფრის ნება მისცენ ბავშვს? რაც სურს ის აკეთოს?
მაგალითისთვის: საღამოა, ბავშვის ძილის დრო. _ მე არ წავალ დასაძინებლად._აცხადებს ის.
თქვენ მთელი დრის დაღლილი ხართ, გრძნობთ, როგორ ილევა თქვენი მოთმინება. რა არის თქვენი სურვილი: რომ ბავშვმა დაგიჯეროთ და დაიძინოს.
იწყებთ დარწმუნებასა და ძალდატანებას, ყვირილამდე და მუქარამდე მიდიხართ. მწიფდება კონფლიქტი, მაგრამ შედეგი არ ჩანს, ბავშვი ისევ უარს ამბობს დასაძინებლად წასვლაზე. ბავშვებს ამოუწურავი ენერგია აქვთ, მათი სიჯიუტე დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს.
ამ სიტუაციაში ჩვენ უფრო და უფრო გვიჭირს თავის მართვა. უკვე ძნელია შეჩერება და დაფიქრება, როგორ შეიძლება სასურველი შედეგის მიღწევა კონსტრუქციულად? არადა, სწორედ ასეთი მოქმედებაა საჭირო.
მნიშვნელოვანია, თავს მისცეთ დაფიქრების დრო, ბავშვს კი დრო იმის ასახსნელად, რატომ არ სურს დასაძინებლად წასვლა.
სიტუაცია მწვავდება, ურთიერთობები იძაბება, კონტაქტი იკარგება და იკარგება ბავშვზე ზემოქმედების შესაძლებლობაც.
როგორ უნდა დავაღწიოთ თავი სიტუაციას?
მოვინდომოთ გავუგოთ ბავშვს, წარმოვიდგინოთ თავი მის ადგილას. მას ახლა თამაში აინტერესებს, ძილის ხსენებაც კი მის გაღიზიანებას იწვევს.
მარტო გაგება შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. მთავარია, ბავშვი დავარწმუნოთ, რომ თქვენ გვესმის მისი. მივმართოთ ასეთ ფრაზას: ,,ვიცი, შენ გაინტერესებს თამაში და სულაც არ გინდა მისი დასრულება და დასაძინებლად წასვლა“.
სარწმუნოა, ამას მოჰყვება მისი თანხმობა_ ,,კი“ .
თქვენ აგრძელებთ ,,შენ გინდა გააგრძელო თამაში“.
პატარა ისევ გეთანხმებათ: ,,კიი“.
თქვენ:,,და შენ გინდა, დასაძინებლად წასვლაც ისეთივე საინტერესო იყოს, როგორც თამაში?“
ბავშვი უკვე ხალისიანად გეთანხმებათ. კონტაქტი აღდგენილია.
თქვენ: ,,მოდი, წავიდეთ აბაზანაში და გავიგოთ, როგორ ბრძანდებიან შენი კბილები, გავაკრიალოთ ისინი. მერე მე წაგიკითხავ ძალიან საინტერესო წიგნს, შენ რომელი მოგენატრა?“
უამრავი ანალოგიური ვარიანტის მოფიქრება შეგვიძლია, ჩვენი ბავშვის თავისებურებების და მისი ინტერესების გათვალისწინებით.
ასეთ საუბარში თქვენ ამჟღავნებთ თანაგრძნობას და გაგებას მისი ამჟამინდელი სურვილებისა და მოთხოვნილებებისადმი.
მნიშვნელოვანია, დიალოგში, ბავშვისგან რამდენჯერმე მიიღოთ თანხმობის პასუხი ,,დიახ“, ,,კი“. ეს ნიშნავს კონტაქტის აღდგენას და იმას, რომ ბავშვი მზადაა თქვენთან ,,სათანამშრომლოდ“.
მეორე შეცდომა: მშობელს სურს, იყოს ,, კარგი მშობელი“, იმის ნაცვლად, რომ იყოს გულწრფელი და ბუნებრივი...
ხანდახან ნებისმიერი ბავშვი იქცევა ისე, რომ მშობელს არ მოსწონს. მაგალითად: ხევს წიგნებს, ამტვრევს სათამაშოებს... რეალურად მშობლებს ეს ძალიან აღიზიანებთ, ენანებათ ნივთები, მაგრამ ირგებენ ,,კარგი მშობელის“ როლს, თავს იკავებენ, შიშობენ არ გამოიყურებოდნენ ძალიან მკაცრად, ზედმეტად არ შეზღუდონ შვილი.
მაგრამ დგება მომენტი, როცა ბავშვის საქციელით გამოწვეული უკმაყოფილება, რომელსაც ასაიდუმლოებდით, გამოხეთქავს, თავს ვეღარ დამალავს. მოსალოდნელია, ეს რეაქცია ბავშვის იმჟამინდელი მოქმედებისადმი სრულიად არაადექვატური აღმოჩნდეს. ბავშვი იგრძნობს, რომ თქვენს შორის ნდობა და გაგება იყო მოჩვენებითი. ეს უკვე საფრთხეს შეუქმნის შემდგომ ურთიერთობებს.
როცა თქვენ ,,კარგ მშობელს“ თამაშობთ, ბავშვს აბნევთ, მის დეზორიენტაციას იწვევთ. ის ვეღარ გიგებთ,, ვეღარ ერკვევა თქვენს გრძნობებში. აღარ იცის რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, რა გახარებთ და რა გწყინთ. მას ყოფნა და მოქმედება უწევს ამ გაუგებრობის, თქვენგან შექმნილი ტყუილის პირობებში.
თუ თქვენ მის საქციელზე რეაგირებთ ადექვატურად და გულწრფელად, ბავშვი გაიგებს ამას და არც გაგინაწყენდებათ, რადგან თქვენი რეაქცია იქნება შესაბამისი.
მაგალითად, გოგონამ გატეხა თქვენი ტუჩსაცხი.
თქვენ ეუბნებით:,,იცი, გული დამწყდა, მე ის ძალიან მომწონდა. ვიცი, რომ შემთხვევით გაგიტყდა და არც გადანაშაულებ, მაგრამ ძალიან მეწყინა!“
იმოქმედეთ ბავშვთან კონკრეტული ქცევების შესაბამისად და იყავით გულწრფელები, ბუნებრივები. მაშინ თქვენი ურთიერთობები დალაგდება.
მესამე შეცდომა: მშობელი მეტისმეტად ხშირად იყენებს აკრძალვებს.
გაიხსენეთ დღის განმავლობაში რამდენჯერ ეუბნებით პატარას ,,არ შეიძლება!“ , ,,ხელი არ ახლო!“ ,,გეყოფა!“ ,,შეწყვიტე!“ და ასე შემდეგ.
შემდეგ გაიხსენეთ, რამდენჯერ აქებთ, უწონებთ საქციელს;
ამერიკელი მკვლევარების შედეგებში ეს შეფარდება სკოლამდელ ასაკში 16:1-ია, ხოლო შემდგომ ასაკში უკვე _ 18:1. თუ დავაკვირდებით, ჩვენთანაც ანალოგიურ სიტუაციას აღმოვაჩენთ.
მოგვიანებით, როცა ბავშვი იზრდება, გვაკვირვებს მისი უინიციატივობა და გადაუწყვეტელობა. ახლა ამის გამო ვსაყვედურობთ.
საქმე იმაშია, რომ ბავშვის აბსოლუტურად ყველა ქმედება მიმართულია გარემომცველი სამყაროს შეცნობასა და კვლევაზე.
როცა ხედავთ, რომ ის ჯოხით ტალახს ჩიჩქნის, ან გუბეში იბანს ხელს, თქვენ ეს სულელურ, უსარგებლო, არაჰიგიენურ საქციელად მიგაჩნიათ. მისთვის კი ეს დიდი აზრის მატარებელია! ის შეიმეცნებს სამყაროს! ამ შემეცნების ხერხებს ის თავად ირჩევს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
დავფიქრდეთ, ბავშვები კი არა, უფროსებიც მხოლოდ იმას აკეთებენ გატაცებით, რაც მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რაშიც ისინი აზრს ხედავენ.
სამწუხაროდ, ბევრ ზრდასრულ ადამიანს ცხოვრებაში ასეთი გატაცება აკლია, ძალიან აკლია. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე ჩვენმა მშობლებმა არ მოგვცეს ნება, ბოლომდე განგვეცადა შეცნობისა და აღმოჩენების ბედნიერება, გავმხდარიყავით თავდაჯერებულები. ჩვენი მშობლების არჩევანი დისციპლინის, სისუფთავისა და წესრიგის სასარგებლოდ გადაწყდა.
შედეგად ჩვენ, ზრდასრულობაშიც გვაწუხებს ურწმუნობა საკუთარი თავის მიმართ, ვერ გავრკვეულვართ საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებში.
მაშ, როგორ მოვიქცეთ, დავრთოთ ყველაფრის ნება?
უნდა გავერკვეთ, რისთვის უნდა ბავშვს ის, რასაც აკეთებს? შევუქმნათ მას პირობები, რომ აკეთოს სასურველი საქმე, ოღონდ უსაფრთხოდ და ჩვენთვის მისაღებ გარემოებებში. აუცილებელია ბავშვმა დაინახოს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი და პატისაცემია მისი ინტერესები. ასეთ დროს შესაძლებელი ხდება კომპრომისების მიღწევა, შეთანხმება.
ხშირად დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: ,, რას აკეთებს ბავშვი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მისთვის?“
პირველი ნაწილის დასასრული.
მოამზადა ანა ნინიძემ, ე. შევჩენკოს წიგნის ,,მშობლების 10 შეცდომა“ მიხედვით.