ერთად ვიზრუნოთ ჩვენი დემოკრატიული მომავლისათვის!
როცა ახალ პორტალზე სამოქალაქო განათლების მიმართულებით გვერდის ამოქმედებაზე დავიწყეთ ფიქრი, ცხადია უპირველესად ჩვენი მკითხველი, ჩვენი სამიზნე აუდიტორია გვინდოდა წარმოგვედგინა. ერთის მხრივ, გვინდა, ეს გვერდი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას, მათთვის საჭირო რესურსების თავმოყრას, გამოცდილების გაზიარებას ახალი მეთოდებისა და აქტივობების გამოყენების პრაქტიკულ საკითხებს უყრიდეს თავს და ამით მასწავლებელს უწყობდეს ხელს ამ აუცილებელი საგნის მიმართულებით საქმიანობაში.
მეორეს მხრივ, თუ დავფიქრდებით, სამოქალაქო განათლება ხომ სასწავლო საგანთა შორის გამორჩეული საგანია, თავისი ინტეგრირებული ბუნებით და თავისი განსაკუთრებული მიზნით: აღზარდოს მომავალი მოქალაქე, აღჭურვოს ის იმ ცოდნით, უნარ-ჩვევებითა და დამოკიდებულებებით, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქისათვის, რათა ის იყოს ინფორმირებული და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართული. ეს მიზანი ერთი პედაგოგის, ერთი გაკვეთილის, ან ერთი სკოლის ჩარჩოთი ვერ შემოიფარგლება, რადგან მისი მიღწევა შეუძლებელია გარემომცველი საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე და მიღწეულ შედეგზე დიდადაა დამოკიდებული სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პერსპექტივა.
ამიტომაც, ვფიქრობთ, ჩვენი გვერდი საინტერესო უნდა იყოს სახელისუფლებო წრეებისთვისაც, არასამთავრობო სექტორისთვისაც, ბიზნესისათვისაც, მშობლებისთვისაც...
მოქალაქის აღზრდა მხოლოდ თეორიებით შეუძლებელია, ნასწავლს გამოცდილებით განმტკიცება, მისი გამოყენების უნარ-ჩვევების შეძენა სჭირდება და ამაში აქტიურად უნდა დაეხმაროს სკოლას ადგილობრივი თვითთმმართველობა, ბიზნესი, მედია, არასამთავრობო სექტორი.
ეს მეტად რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესია, რომლის დიდი გამოცდილებითაც თავს ვერ მოვიწონებთ.
ამიტომაც ჩვენს მცდელობას, შევქმნათ სივრცე, სადაც მასწავლებელს ყველა შეაშველებს ცოდნას, გამოცდილებას , რესურსს, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, თანამშრომლობის, პირუთვნელი უკუკავშირის, ობიექტური კრიტიკის, უბრალოდ, ღია დისკუსიის ფორმით.
ჩვენი მომავალი მოქალაქეები, მომავალი პრეზიდენტები, მინისტრები, პარლამენტარები, პარტიული ლიდერები ახლა სკოლის მერხებთან სხედან და იძენენ ცოდნას იმის შესახებ რას ნიშნავს პიროვნული განვითარება, რას ნიშნავს უფლება და მოვალეობა, რა არის სამართალი, რა ბერკეტები გვაქვს ქვეყნის მართვაში მონაწილეობისათვის, როგორ უნდა ვიზრუნოთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს, ისინი სწავლობენ რას ნიშნავს მრავალფეროვნება და როგორ ვმართოთ ემოციები... თუ თითოეული მათგანი წამოიყოლებს სკოლიდან ამ საბაზისო ცოდნას, წარმოიდგინეთ, რამდენად კომფორტული იქნება ჩვენი ცხოვრება..