ყოველი ტერმინი სამივე ენაზეა მოცემული. ამასთან, განწყობის თეორიის უმნიშვნელოვანეს ცნებათა განმარტებითი სტატიები ინგლისურადაცაა და რუსულადაცაა.
მნიშვნელოვან ცნებათა სტატიები საკმაოდ ვრცელია: მოიცავს მაგალითებს, კონტრმაგალითებს, სქემებს, შედარებებს, მსჯელობებს, ჯვარედინა მითითებებს - ყოველ სტატიაში იისფრად მონიშნულია ის ტერმინები, რომელთა განსამარტავად ლექსიკონში ცალკე სტატიაა.
სტატია საკვანძო ტერმინების ნუსხით იწყება. სასურველი ტერმინის ძიებისას საძიებო ფანჯარაში გამოჩნდება ამ ტერმინის ძირითადი სტატიაც და აგრეთვე ყველა ის სტატია, რომლებშიც ეს ტერმინი საკვანძოა - ანუ სადაც ამ ტერმინის შესახებ დამატებითი ინფორმაციაა (ხოლო ზედმეტი ტექსტები, რომლებშიც ეს ტერმინი მხოლოდ ნახსენებია, არ გამოჩნდება).
ძიება შესაძლებელია აგრეთვე თემატიკურადაც - ფსიქოლოგიის მიმართულებათა და შემდეგ ანბანის მიხედვით.
ლექსიკონი აკადემიურია და ამასთან, მისი საერთო მოცულობის არანაკლებ ნახევარი ორიგინალურია; მნიშვნელოვანი ცნებების განმარტება ერთიან მეცნიერულ კონცეფციაზე, დიმიტრი უზნაძისეულ განწყობის თეორიაზეა დამყარებული. თუმცა სტანდარტული და ნაკლებმნიშვნელოვანი ტერმინების განმარტება რამდენიმე რუსულ და ინგლისურ ლექსიკონს ემყარება.
ლექსიკონზე მუშაობდნენ: ზურაბ ვახანია, ირაკლი იმედაძე, მარინა ბალიაშვილი, რამაზ საყვარელიძე, თინათინ ჩხეიძე და ნიკოლოზ ვახანია.