როგორ განახორციელოს მასწავლებელმა სქემის აქტივობები
პასუხები გზამკვლევის მეორე ნაწილში
,,მასწავლებლების საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ საპილოტე სასწავლო წელი განახევრდა. აქტივობების მეორე ეტაპი იწყება. როგორ უნდა განახორციელოს მასწავლებელმა სქემით გათვალისწინებული აქტივობები? როგორ შეფასდება ეს აქტივობები? ამ მნიშვნელოვან კითხვებზე საპასუხოდ შეიქმნა ,,მასწავლებლების საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გზამკვლევის“ მეორე ნაწილი, რომლის ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
სქემის ფარგლებში განხორციელებულ და უახლოეს აქტივობებზე გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფო ლობჟანიძე:
_ განვლილი ეტაპის შესახებ ყველა მასწავლებლისთვის და ამ თემით დაინტერესებული საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, ამიტომ მოკლედ გადავავლოთ თვალი: სქემა სექტემბრიდან ამოქმედდა, მასწავლებლები გადანაწილდნენ სხვადასხვა კატეგორიებში, კერძოდ, ამ დროისთვის სამი კატეგორიის (პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი) მასწავლებლები გვყავს. მასწავლებლებმა შეავსეს თვითშეფასების კითხვარები. ეს სქემის დაწყებისათვის ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი იყო. აქტივობების თანმიმდევრობა ერთიან ჯაჭვს ქმნის, კერძოდ: მასწავლებლი იწყებს თავისი საქმიანობის შეფასებით, ავლენს თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს, სუსტი მხარის გათვალისწინებით, გამოკვეთს საჭიროებებს, მათზე მორგებით ადგენს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას. უმეტეს სკოლებში, თვითშეფასების საფუძველზე მასწავლებლებმა უკვე შეადგინეს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები, ბევრ მათგანს პროფესიული განვითარების გეგმებიც აქვთ გაკეთებული და ატვირთული თავის პორტალზე და უკვე გადავდივართ მეორე ეტაპზე.
_ თქვენ თვითშეფასების კითხვარის განსაკუთრებული მნიშვნელობა ახსენეთ, რას გულისხმობდით?
_ როცა სახელმწიფო კომისია მსჯელობდა ამ საკითხზე, აღინიშნა, რომ არაჩვეულებრივი პრაქტიკაა, როცა მასწავლებელი პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას თვითშეფასებით იწყებს. იქვე გადაწყდა, რომ ეს იქნებოდა სავალდებულო აქტივობა, რომელიც კრედიტებით არ შეფასდებოდა, რათა მასწავლებელი ყოფილიყო მაქსიმალურად გულწრფელი და ობიექტური თვითშეფასებაში. მოგეხსენებათ, კითხვარი დაყოფილია სფეროებად და ყოველი სფეროს შევსების შემდეგ მასწავლებელი აკეთებს რეფლექსიას: იმოწმებს პრაქტიკულ მაგალითებს და ხსნის თუ რატომ შეაფასა თავისი საქმიანობა ამ კონკრეტული ქულით. შემდეგ გადახედავს თვითშეფასებებს ამ სფეროში და თვალნათლივ ასკვნის, რა აქვს გასაუმჯობესებელი. თუ მასწავლებელს უჭირს კლასის მართვა და გადაწყვიტს გაეცნოს ლიტერატურას კლასის მართვის შესახებ: მაგალითად, მარზანოს წიგნი ,,კლასის მართვა“ და მასში მოცემული სტრატეგიები გამოიყენოს თავის პრაქტიკაში, ან გაიზიაროს კოლეგის გამოცდილება, რომლისთვისაც კლასის მართვა ძლიერი მხარეა. ,,კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი მშვენიერ შესაძლებლობას უქმნის ამ სუსტი მხარის გასაძლიერებლად; ესწრება ტრენინგს კლასის მართვის თემაზე. ანუ გეგმავს სხვადასხვა აქტივობებს. სწორედ ეს აქტივობები იყრის თავს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმაში. შემდეგ მასწავლებელი აკვირდება, აანალიზებს თავისი მცდელობების შედეგებს და ეს მუდმივი ანალიზი უბიძგებს, პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვაზე. ყველა შემდგომი აქტივობის საფუძველი არის თვითშეფასების კითხვარი. არა ვინმეს ბრძანება, მითითება, დირექტივა, არამედ ჩაღრმავება საკუთარ თავში.
მასწავლებელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ თვითშეფასების კითხვარის შევსება, რომელიც არც თუ დიდ დროს მოითხოვს, არავის სჭირდება, გარდა თავად მასწავლებლისა. თვითშეფასების კითხვარის ობიექტურად შევსებით, მასწავლებელი აღმოაჩენს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების შესაბამისობას პროფესიული სტანდარტთან. მთავარია, მას ჩამოუყალიბდეს სწორი დამოკიდებულება თვითშეფასების მიმართ. სწორი განწყობა მას გაუჩენს ობიექტურ განცდას: თვითშეფასების კითხვარი საშუალებას მაძლევს, სწორად დავგეგმო ჩემი პროფესიული განვითარების გზა. შემდეგ სწორად დავგეგმო ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, რომელიც დამეხმარება პროფესიულ ზრდაში, დამეხმარება კარიერულ წინსვლაში, რადგანაც თუ სწორად დავგეგმავ ჩემს პროფესიულ განვითარებას, მაშინ სქემით გათვალისწინებულ აქტივობებს წარმატებით განვახორციელებ. ეს შედეგად მომიტანს კარიერულ წინსვლას. ეს არის ნაბიჯები მთავარი მიზნის მისაღწევად. მთავარი მიზანი კი არის მოსწავლე და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება.
_ რა აჩვენა გამოცდილებამ, მასწავლებლები მზად აღმოჩნდნენ თვითშეფასებისთვის?
როგორც აღვნიშნეთ, სქემა მიდის პილოტირების რეჟიმში. რასაკვირველია, პილოტირება გამოაჩენს პროცესის სუსტ და ძლიერ მხარეებს. ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ნეგატიური დამოკიდებულება არსებობდა თვითშეფასებისადმი. მასწავლებლებს არ გასჭირვებიათ კითხვარის შევსება. მათ გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ ეს იყო ფუჭი შრომა. თვითშეფასებას მასწავლებელი აკეთებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, წლევანდელი თვითშეფასება დასრულებულია და ჩვენ დავიწყეთ კვლევა, რომელიც მიმდინარეობს როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი მეთოდებით. მასწავლებლები შეავსებენ ანკეტებს, ჩატარდება ფოკუს-ჯგუფები და ამ კვლევის შედეგების ანალიზის დროს გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებლებისგან წამოვა. სასურველია, რომ მათი მიმღებლობა თვითშეფასების კითხვარისადმი იყოს მაღალი. 2016-17 სასწავლო წლის დასაწყისიდან მასწავლებლები შეავსებენ ადაპტირებულ კითხვარს. დარწმუნებული ვართ, ეს პროცესი წარიმართება უფრო მშვიდად, საქმიანად, მღელვარების გარეშე.
_ მიმდინარე ეტაპს უკავშირდება გზამკვლევის მეორე ნაწილის გამოქვეყნება, ვისთვის შეიქმნა გზამკვლევი და როგორია მისი სტრუქტურა?
_ პირველ რიგში, დავაკონკრეტოთ, ვინ არიან გზამკვლევის სამიზნე ჯგუფში. მასში მოიაზრებიან, როგორც შიდა შეფასების ჯგუფის წევრები და მათ შორის, ფასილიტატორები, ასევე თავად მასწავლებლები. გზამკვლევის მკითხველმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს კრებული გზამკვლევზე მეტია. დავეთანხმები მათ, რომ გზამკვლევი არის საკმაოდ დატვირთული, რათა სამიზნე ჯგუფმა მიიღოს მაქსიმალურად სრულყოფილი, დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა განახორციელოს მასწავლებელმა სქემით გათვალისწინებული თითოეული აქტივობა და როგორ მოხდება ამ აქტივობების შეფასება. გზამკვლევში მოტანილია პრაქტიკული მაგალითები. მკითხველი სქემით გათვალისწინებულ აბსოლუტურად ყველა აქტივობაზე მოიძიებს მასალას გზამკვლევში, გარდა გაკვეთილზე დაკვირვებისა. მას შემდეგ, რაც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი დაასრულებს გაკვეთილზე დაკვირვების შეფასების რუბრიკებზე მუშაობას, მასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოვა გზამკვლევის შემდეგი ნაწილი.
_ გარდა თვითშეფასების კითხვარის ადაპტირებისა, მოსალოდნელია თუ არა სხვა ცვლილებები სქემაში?
ჯერ საპილოტე წელი მიმდინარეობს. წლის ბოლოს გავაანალიზებთ, რამდენად ადექვატური იყო ფასილიტატორების დატვირთვა, გავაანალიზებთ შიდა შეფასების ჯგუფების მუშაობას, რამდენად ეფექტურად იმუშავეს ამ ჯგუფებმა, მოხდება შეფასების რუბრიკების პილოტირება, როგორც ზევით აღვნიშნეთ, გავითვალისწინებთ კვლევის შედეგებს... ეს არის ცოცხალი პროცესი, სქემა არ არის სტატიკური რამ, ის ექვემდებარება საჭირო ცვლილებებს და ეს მის პოზიტიურ მხარეზე მეტყველებს. სქემის ფარგლებში მიმდინარეობს სისტემური ცვლილებები, ეს არ მოიცავს ერთ ან ორ სკოლას, არამედ მოიცავს მთელ სისტემას. ეს არის სამოცი ათასზე მეტი მასწავლებელი... საუბარი არ არის ერთ რომელიმე სეგმენტზე, ის მოიცავს მასწავლებელთა მთელ სპექტრს _ პროფესიაში შესვლიდან კარიერის ბოლომდე. ამიტომ გათვალისწინებული აქტივობების შედეგები, ეფექტურობა მუდმივი დაკვირვების საგანი იქნება და საჭიროების შემთხვევაში, არც ცვლილებებს მოვერიდებით.
_ როგორია ოპტიმისტური მოლოდინები სქემის ,,ნაყოფთან“ დაკავშირებით?
_ შეფასებას სჭირდება დრო, შედეგებს სხვა გადასახედიდან უნდა შეხედო. მიმაჩნია, რომ საჭიროა ერთი ციკლის პერიოდი _ ოთხი-ხუთი წელი, რომ გამოჩნდეს დინამიკა , გავლენა მოსწავლეთა შედეგებზე, მასწავლებლების განწყობაზე. ეფექტურობისთვის მარტო ჩვენი ცენტრის, მარტო სამინისტროს ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, ამას უნდა თითოეული სკოლის, ყველა დირექტორის, ყველა მასწავლებლის მობილიზება. დიდია მედიის როლი, მედიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის, განწყობების ჩამოყალიბებაზე. თუ ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას გაუმკლავდება, ,,ნაყოფი“ აუცილებლად გვექნება.