საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა განაცხადების მიღება ელექტრონულად იწყება
სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პროგრამის პირობები გააცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამას, რომელიც უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სრულ დაფინანსებას გულისხმობს (სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად).
წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციით, 2020 წლის 7 სექტემბრიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე, ელექტრონულ პორტალზე: socreg.mes.gov.ge. სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge განთავსებულია ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია.
პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული 13 კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას. კერძოდ:
- მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები;
- სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
- აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები
- სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები;
- ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
- ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
- მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
- სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
- სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპანტრიანტის სტატუსი;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
- აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;
- ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულები;
- სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით).
სოციალური პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიებისა და კატეგორიის კუთვნილების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის შესახებ, იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=10984&lang=geo