თბილისისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორს, აბელ მაჰერამოვს შეხვდა.
შეხვედრას თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძეც ესწრებოდნენ, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს.
მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აბელ მაჰერამოვმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებას და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს. ამასთან, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს მალე 100 წელი შეუსრულდება, რომელიც საქართველოშიც აღნიშნება.
შეხვედრის ბოლოს, გია შარვაშიძემ აზერბაიჯანელ კოლეგას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.